შშმ პირთათვის
კონტაქტი
ცხელი ხაზი 272 22 22

სიახლეები

საბურთალოს რაიონის გამგეობის განცხადება

 საბურთალოს რაიონის გამგეობას სურს გამოეხმაუროს რაიონში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოქალაქის, ნაზიკო ნოზაძის საკითხზე ერთ-ერთი ტელევიზიით გაშუქებულ ინფორმაციას, რომელშიც „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“ წარმომადგენელი დედაქალაქის მერიას უსაფუძვლო და ცრუ ბრალდებას უყენებდა, გამგეობის მხრიდან კი კომენტარი საინფორმაციო გამოშვებაში არ გასულა.

 ინტერვიუში რესპონდენტი აღნიშნავს, რომ ბენეფიციარს ქირით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა იმის გამო, რომ მას ერთჯერადად დაუფინანსდა ასი ლარის ღირებულების მედიკამენტების შეძენა.

 სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქალბატონ ნაზიკო ნოზაძეს ნამდვილად აქვს მიღებული მედიკამენტების დაფინანსება 200 ლარის ოდენობით, თუმცა ეს კავშირში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ბინის ქირის უზრუნველყოფის საკითხთან. ამასთან, აქვე აღვნიშნავთ, რომ ბინის ქირით უზრუნველყოფაზე საბურთალოს რაიონის გამგეობის უარი განპირობებული იყო არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენით, რის შესახებაც ეცნობა განმცხადებელს. ქირით უზრუნველყოფის შესახებ თანხის გამოყოფისათვის, მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც ქალბატონს ამ დრომდე არ წარმოუდგენია.  ამასთან, მოქალაქე ნაზიკო ნოზაძეს გასულ კვირას პირადად შეხვდა საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, რომელმაც ასევე განუმარტა, რომ მისი ბინის ქირით უზრუნველყოფის საკითხი გადაწყვეტილია და ამისთვის საჭირო იყო სტანდარტული დოკუმენტაციის წარდგენა. ქალბატონს გადაეცა საჭირო საბუთების ჩამონათვალი.

 ამავე საკითხზე 2016 წლის 1 აგვისტოს საბურთალოს რაიონის გამგეობაში შემოვიდა ააიპ „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ შუამდგომლობა ქალბატონი ნაზიკოსათვის ბინის ქირით უზრუნველყოფის თაობაზე, რომელსაც ასევე განემარტა საქმის დეტალები.

 „საბურთალოს რაიონის გამგეობაში 2016 წლის 23 მაისს შემოვიდა მოქალაქე ნაზიკო ნოზაძის განცხადება ბინის ქირის კომპენსაციის მოთხოვნით. ვინაიდან არ იქნა წარმოდგენილი განცხადების განხილვისთვის საჭირო დოკუმენტაცია, საბურთალოს რაიონის გამგეობის მხრიდან მოხდა სატელეფონო დაკავშირება და მოქალაქე ნაზიკო ნოზაძეს განემარტა, რომ მას დამატებით უნდა წარმოედგინა შესაბამისი საბუთები, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა. შესაბამისად, მას განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

 აქვე გაცნობებთ, რომ თუ მოქალაქე ნაზიკო ნოზაძე ხელახლა მომართავს საბურთალოს რაიონის გამგეობას და სრულად წარმოადგენს მოთხოვნილ დოკუმენტაციას, გამგეობა კვლავ დაუბრუნდება საკითხის განხილვას,“ - ნათქვამია წერილში, რომელიც საბურთალოს რაიონის გამგეობამ კავშირის თავმჯდომარეს, თამარ იოვაშვილს მისწერა.

 ცნობისთვის, საბურთალოს რაიონის გამგეობა დღევანდელი მონაცემებით, ბინის ქირით უზრუნველყოფს 73 ოჯახს, ჯამში 243 მოქალაქეს, ხოლო 2016 წლის დასაწყისიდან დღემდე 8848 მოქალაქეს გაეწია სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება.

09 აგვისტო 2016