შშმ პირთათვის
კონტაქტი
ცხელი ხაზი 272 22 22

სიახლეები

კოსტავას N63-ში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე საბურთალოს რაიონის გამგეობამ 540 000 ლარი დახარჯა

540 000 ლარი დაიხარჯა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე კოსტავას N63-ში მდებარე თერთმეტსართულიან კორპუსში. დეტალური ანგარიში საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დღეს კოსტავას 63-ის ბინადრებს პირადად წარუდგინა.

შეხვედრა „თერთმეტსართულიანის“ ეზოში გამგეობის მიერ მოწყობილ სკვერში გაიმართა და ბექა მიქაუტაძემ თანმიმდევრულად ილაპარაკა იმსამუშაოებზე, რომელიც გასული წლიდან მოყოლებული, ამ უწყებამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მთელი ინფრასტრუქტურის მოწყობის, რეაბილიტაციის, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მიზნით ჩაატარა.

„ექვსი დამოუკიდებელი პროექტი განხორციელდა თერთმეტსართულიანში. კერძოდ: სამუშაოები დაიწყო შენობის საძირკვლიდან შლამის გატანით და ამ პროცესში პირველივე დღიდან ჩვენი ჯარისკაცები გვეხმარებოდნენ, დასუფთავდა სარდაფები; აქ მანამდე საერთოდ არ იყო სანიაღვრე ქსელი და ჩვენ მოვაწყეთ, ჯამში, 233 გრძივი მეტრის სიგრძის სანიაღვრე, რომლის 25 მეტრი ესტაკადის ქვეშ, საკმაოდ რთული პროცედურით - ჰორიზონტალური ბურღვით გაკეთდა; სრულიად შევცვალეთ წყალსადენ-კანალიზაციის ქსელი; მოვაწყეთ სკვერი და დავაგეთ გზა, “ - განაცხადა გამგებელმა.

მისივე თქმით, ყველა ეს სამუშაო ურთულესი ჩასატარებელი იყო. გამგებელმა განსაკუთრებით აღნიშნა ჯარისკაცების თავდაუზოგავი, დისციპლინირებული და უანგარო შრომა ამ ისტორიული შენობის გადარჩენის საქმეში. მისივე თქმით, ობიექტზე ამჟამად მიმდინარეობს მხოლოდ შიდა, ინდივიდუალური საკანალიზაციო ქსელებისა და სახურავის რეაბილიტაციის სამუშაო, რომელიც თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში ხორციელდება და უახლოეს მომავალში დასრულდება.

03 აგვისტო 2016