მოედანი სპორტის ოთხი სახეობის - ფეხბურთის, ფრენბურთის, კალათბურთისა და ჩოგბურთისთვისაა განკუთვნილი. ახალი მულტიფუნქციური სტადიონი თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ხარისხის საფარით არის მოწყობილი, რომელიც კონტრაქტორმა კომპანიამ შვედეთიდან ჩამოიტანა.
რეაბილიტაციის ფარგლებში, შეიცვალა სტადიონის ირგვლივ არსებული დამცავი ლითონის კონსტრუქცია, მოეწყო მოედნის ირგვლივ არსებული პერიმეტრი, შეიცვალა მაყურებლებისთვის განკუთვნილი სკამებიც.
„მოედანი თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული საფარით არის მოწყობილი , რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა . სტადიონი არის მულტიფუნქციური , განკუთვნილია სპორტის რამდენიმე სახეობისთვის. ამ ყველაფრით გამგეობა ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას . ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ ანალოგიური ღონისძიებების გაკეთებას“,- განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილემ, კონსტანტინე ჯაშმა.
გამგებლის მოადგილეებმა ადგილზე შეკრებილ ბავშვებს საჩუქრად სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ბურთები და სპორტული მაისურები გადასცეს.
თანამედროვე მულტიფუნქციური სტადიონი კომპანია „პარმამ“ მოაწყო. პროექტის ღირებულება 128,000 ლარია.