შშმ პირთათვის
კონტაქტი
ცხელი ხაზი 272 22 22

მართე შენი ქალაქი

A+
A-

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამისბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა საბურთალოს რაიონში“  (05 01 13) ფარგლებში საპილოტე პროექტი - „მართე შენი ქალაქი“

 

   

თბილისი 2016 წ.

 

მუხლი 1. საპილოტე პროექტის მიზანი და ამოცანები

  1. საპილოტე პროექტის მიზანია:

 

ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონში (შემდგომ - საბურთალოს რაიონში), ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების (შემდგომ - ამხანაგობა) ფინანსური  დამოუკიდებლობის ზრდის  ხელშეწყობა, ამხანაგობის  უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ცოდნის  ამაღლება, საერთო ქონების ეკონომიკური პოტენციალის დადგენისა და რეალიზაციის  ხელშეწყობა.

ბ)  საპილოტე პროექტის წარმატებულად განხოციელების შედეგად, ერთიანი პროგრამის შემუშავება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ - მერია) მიერ  ამხანაგობების განვითარების მიზნით გამოყოფილი თანხების   რაციონალური და ეფექტური ხარჯვის მიზნით,  რომელიც უზრუნველყოფს ამხანაგობების როლის გაზრდას საკუთარი ქონების განვითარებაში.

2.    საპილოტე პროექტის ამოცანებია:

ა)   მომავალში  ერთიანი, სისტემური   მექანიზმის  დამკვიდრებისათვის,  მოსახლეობის ჩართულობის ხარისხის ამაღლება ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა - პატრონობის, ექსპლუატაციის და განვითარების მიზნით;

ბ) ამხანაგობების ინსტიტუციური გაძლიერება და მათ მიერ ვალდებულებების შესრულების პროცედურის  ჩამოყალიბება;

გ)  მომავალში ამხანაგობების კეთილმოწყობილი კორპუსების რაოდენობის  ზრდისათვის საფუძვლების შექმნა;

დ) ამხანაგობების მიერ განხორციელებული პროექტების მიმართ ბინათმესაკუთრეთა  ნდობის ამაღლება;

ე) ამხანაგობების მიერ შემუშავებული კომერციული პროექტების გამოვლენა, რომლებიც ხელს შეუწყობს მომავალში მათ ეკონომიკურ გაძლიერებას;

ვ) მომავალში ამხანაგობების ასოციაციების ჩამოყალიბებისათვის პრაქტიკული საფუძვლების შექმნა, შესაბამის გამოცდილებაზე დაყრდნობით.

 

მუხლი 2. საპილოტე პროექტში მონაწილე სუბიექტები

 

  1. საპილოტე პროექტი ხორციელდება საბურთალოს რაიონის გამგეობის ( შემდგომ - გამგეობა) მიერ და მის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს გამგეობა.
  2. საპილოტე პროექტის კოორდინირებას უზრუნველყოფს მმართველი საბჭო, რომელიც იქმნება საბურთალოს რაიონის გამგებლის ბრძანებით  და  შედგება საბურთალოს რაიონის გამგებელის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, საბურთალოს რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული  პროექტების განყოფილების უფროსის, სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი „ჩემი ადვოკატის“ ხელმძღვანელის  და საბურთალოს რაიონის მრჩეველთა საბჭოს წევრისგან.
  3. მმართველი საბჭო:

ა) ადგენს საპილოტე პროექტის პერსონალის შესარჩევ კრიტერიუმებს;

ბ) იღებს გადაწყვეტილებას ამხანაგობის ეკონომიკური პოტენციალის ზრდისათვის ამხანაგობების მასტიმულირებელი კონკურსის „შემოსავლების გენერირების იდეები“  გამოცხადების შესახებ და ადგენს საკონკურსო პირობებს;

დ) მონიტორინგს უწევს პროექტის მიმდინარეობას.

  1. მმართველი საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საბურთალოს რაიონის გამგებლის ბრძანებით.
  2. საპილოტე პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს საპილოტე პროექტის პერსონალი.
  3. საპილოტე პროექტის პერსონალს წარმოადგენს:

ა) საპილოტე პროექტის მენეჯერი;

ბ) უფროსი ტრეინინგ-კონსულტანტი;

გ) ქონების აღრიცხვის ერთი  სპეციალისტი ;

დ) კომერციული პროექტების ერთი სპეციალისტი;

ე) საპილოტე პროექტის 30 კონსულტანტი (შემდგომ-კონსულტანტი);

  1. საპილოტე პროექტის მენეჯერი :

ა) ხელმძღვანელობს საპილოტე პროექტს;

ბ) უზრუნველყოფს საპილოტე პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი ბიუჯეტის შესრულებას;

გ) შეიმუშავებს საპილოტე პროექტის განხორციელების სტრატეგიას.

  1. უფროსი ტრენინგ-კონსულტანტი:

ა) ადგენს ტრენინგ მოდულებს;

ბ) უზრუნველყოფს ტრენინგების ჩატარებას კონსულტანტთათვის;

გ) შეიმუშავებს ტრენინგის მონაწილეთა მიღწევების მონიტორინგის და შეფასების        სისტემას;

დ) უზრუნველყოფს პერიოდული ინფორმაციის მიწოდებას საპილოტე პროექტის მენეჯერისა და მმართველი საბჭოსათვის.

ე) ახორციელებს კონსულტანტების მიერ ორგანიზებული შეხვედრების და დისკუსიების მონიტორინგს და უზრუნველყოფს ანგარიშის წარდგენას საპილოტე პროექტის მენეჯერისა  და მმართველი საბჭოსათვის.

  1. ქონების აღრიცხვის სპეციალისტი:

ა) უზრუნველყოფს ამხანაგობის საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა/ინვენტარიზაციის პროცესში კონსულტანტთათვის კონსულტაციის გაწევას;

ბ) უზრუნველყოფს კონსულტანტთათვის კითხვარის შედგენას;

გ) ახორციელებს ელექტრონული მონაცემთა ბაზის ფორმირებას და მართვას;

დ) უზრუნველყოფს ამხანაგობის სარგებლობაში არსებული ქონების ტექნიკური პასპორტის შექმნას;

 

  1.  კომერციული პროექტების სპეციალისტი:

ა) უზრუნველყოფს ამხანაგობების მასტიმულირებელი კონკურსის „შემოსავლების გენერირების იდეები“ კრიტერიუმების ჩამოყალიბებას;

 ბ) უზრუნველყოფს კომერციული პროექტების შედგენას ამახანაგობებისათვის;

 გ) ახორციელებს ამხანაგობებისათვის კონსულტაციის გაწევას, შემოსავლების მიღებისა და ზრდის მიზნით;

  1. საპილოტე პროექტის კონსულტანტები:

ა) უზრუნველყოფენ ამხანაგობის წევრებს რეგულარული ტრენინგებით და უწევენ კონსულტაციებს ამხანაგობებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე;

ბ) ახდენენ ამხანაგობების პრობლემების იდენტიფიცირებას;

გ) უზრუნველყოფენ საბურთალოს რაიონში არსებული ყველა კორპუსის ინვენტარიზაციასა და ტექნიკური პასპორტის შექმნას.

  1. საპილოტე პროექტის პერსონალი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ინიშნებიან საბურთალოს რაიონის გამგებლის მიერ.
  2. საპილოტე პროექტის პერსონალი ანგარიშვალდებულია მმართველი საბჭოსა და  საბურთალოს რაიონის გამგებლის წინაშე.

 

 

მუხლი 3. საპილოტე პროექტის განხორციელების ეტაპები

  1. საპილოტე პროექტი ხორციელდება ოთხ ძირითად ეტაპად:

ა) სწავლების კამპანია/ამხანაგობის წევრთა ცნობიერების ამაღლება ამხანაგობის როგორც სამოქალაქო ინსტიტუტის მნიშვნელობის შესახებ;

ბ) ბიზნეს პროექტების შემუშავება მომავალში ამხანაგობების ეკონომიკური პოტენციალის ზრდისათვის;

გ) ამხანაგობის ეკონომიკური პოტენციალის ზრდისათვის ამხანაგობების მასტიმულირებელი კონკურსის „შემოსავლების გენერირების იდეები“ კონკურსის ჩატარება;

დ) პროექტის შედეგების შეფასება.

  1. სწავლების კამპანიის ფარგლებში განხორციელდება:

ა) 30 პირის გადამზადება მათი კონსულტანტებად ჩამოყალიბების მიზნით;

ბ) კონსულტანტების მეშვეობით განხორციელდება საბურთალოს რაიონში ამხანაგობების წევრების ინფორმირებულობის ამაღლება მათი უფლება-მოვალეობების, საერთო ქონების მოვლა-პატრონობის, ექსპლუატაციის და განვითარების მექნიზმების და ამხანაგობების ინსტიტუტის შესაძლებლობების  თაობაზე;

გ) კონსულტანტების ინსტიტუტის მეშვეობით მოხდება ამხანაგობების პრობლემების იდენტიფიკაცია და მათი გადაჭრის ოპტიმალური გზების მოძიების უზრულველყოფა;

3. პროექტის მეორე ეტაპზე, კონსულტანტების მეშვეობით საბურთალოს რაიონში არსებული ყველა კორპუსის ინვენტარიზაციისა და ტექნიკური პასპორტის შექმნის შემდგომ, ამხანაგობებს გაეწევათ კონსულტაცია ამხანაგობის ეკონომიკური პოტენციალის ზრდის მიზნით კომერციული პროექტების შემუშავებისას.

4. პროექტის მესამე ეტაპი მოიცავს ამხანაგობების მასტიმულირებელი კონკურსის -„შემოსავლების გენერირების იდეები“ კრიტერიუმების ჩამოყალიბებას და კონკურსის ჩატარებას. კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს შეიმუშავებს მმართველი საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს საბურთალოს გამგებელს.

5. მეოთხე ეტაპზე, პროექტის შედეგების შეფასების შემდგომ, საპილოტე პროექტის მაგალითზე შეიქმნება  სახელმძღვანელო რათა აღნიშნული პროექტი განხორციელდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

 

  

მუხლი 4. საპილოტე პროექტის შედეგები

1. საპილოტე პროექტის წარმატებით   განხორციელების შედეგებია:

ა) სწორად ორგანიზებული, ინფორმირებული, მდგრადი და სრულყოფილი ამხანაგობები;

ბ) საბურთალოს რაიონში არსებული ყველა კორპუსის ტექნიკური პასპორტის შექმნა, რომელიც მოიცავს ისეთ კომპონენტებზე ინფორმაციას, როგორიცაა: შენობის მდგომარეობა, მესაკუთრეთა რაოდენობა, თვითმმართველობის ქონება და ა.შ;

გ) საკუთარი შემოსავლის მქონე ამხანაგობები;

დ) არანაკლებ ერთი ამხანაგობის ასოციაცია;

ე) ამხანაგობის მიერ საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან დაფინანსების საჭიროების შემცირებისათვის წინაპირობების შექმნა.

ვ) საპილოტე პროექტის შედეგების გაანალიზების შემდგომ პროექტის შექმნა მისი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელების მიზნით, კერძოდ:

ვ.ა) სახელმძღვანელოსა და დოკუმენტების პაკეტის შექმნა,  რომელთა მეშვეობით განხორციელდება მასშტაბური პროექტი;

ვ.ბ) საპილოტე პროექტის გამოცდილების მიხედვით საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფიცირება.