შშმ პირთათვის
კონტაქტი
ცხელი ხაზი 272 22 22

სიახლეები

საბურთალოს რაიონის გამგებელი სოფელ დიღმის მოსახლეობას შეხვდა

საბურთალოს გამგებელი ბექა მიქაუტაძე სოფელ დიღმის მოსახლეობას შეხვდა. ბექა მიქაუტაძემ მოსახლეობას გამგეობის მიერ სოფელ დიღომში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც სოფელ დიღმის მოსახლეობა აცხადებს, მცხოვრებლების მთავარი პრობლემა სოფელ დიღომში გზის არარსებობაა. მოსახლეობამ ასევე დიღმის ცენტრალური მაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთზე მიწისზედა გადასასვლელის მოწყობა მოითხოვა. 

როგორც ბექა მიქაუტაძემ აღნიშნა, მისი გამგებლობის პირველი შეხვედრა სწორედ სოფელ დიღომში შედგა და ყველა დაპირება, რომელიც მან მოსახლეობას მისცა, ხორციელდება. საბურთალოს გამგებლის თქმით, დაიწყო დასახლებაში სასმელი წყლის სისტემის გაყვანა, ოჯახების რეგისტრაცია GWP-ს აბონენტებად, რომელთა გარკვეული კატეგორიის მომსახურების საფასურს გამგეობა ფარავს. გარდა ამისა, უკვე სრულდება სოფელ დიღომში საკანალიზაციო სისტემის პროექტის მომზადება, რომლის განხორციელებაც, სექტემბრიდან უნდა დაიწყოს. ბექა მიქაუტაძის თქმით, დღემდე სოფელ დიღომს კანალიზაცია არ ჰქონია. რაც შეეხება გზებს, გამგებლის განცხადებით, გზები მიწისქვეშა კომუნიკაციების და სანიაღვრე არხების მოწესრიგების შემდეგ დაიგება.

„ჩვენ ვიცავთ კანონით გათვალისწინებულ ყველა პუნქტს. სოფელ დიღომში კანალიზაციის სისტემის მოსაწყობად უკვე ჩატარდა ტენდერი და სექტემბრიდან უკვე ჩვენ ვგეგმავთ სამუშაოების დაწყებას“, - განაცხადა გამგებელმა.

მისივე თქმით, სოფელ დიღომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა წელს დაგეგმილია თინათნის, ვაშაძის, 13 ასურელი მამის, დიდგორის, ვაჟა-ფშაველას, უგრელიძის ქუჩებზე, ასევე წმინდა გიორგის უბანში, მაჭავარიანის ქუჩამდე.

აღსანიშნავია, რომ ბექა მიქაუტაძის ინიციატივით, სოფელ დიღომში მოქმედებს ადგილობრივი მოსახლეობისაგან დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც გამგებელი თვეში ერთხელ ხვდება. ამასთან, საბურთალოს რაიონი ჯერჯერობით ერთადერთია, სადაც საპილოტე პროექტი „საზოგადოებრივი საბჭოები“ დაიწყო - უკვე შექმნილია სამი საზოგადოებრივი საბჭო, რომლის სამუშაო შეხვედრები შემდეგი კვირიდან იწყება.

13 ივლისი 2015