შშმ პირთათვის
კონტაქტი
ცხელი ხაზი 272 22 22

სიახლეები

ორი კვარტლის ანგარიშის პრეზენტაცია

საბურთალოს რაიონის გამგებელმა საზოგადოებას გამგეობის 6-თვიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა. ბექა მიქაუტაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალი საპილოტე პროექტის „მართე შენი ქალაქის“ მნიშვნელობაზე, რომელიც წელს მხოლოდ საბურთალოს რაიონში დაიწყო და ის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებას, დამოუკიდებელ და თვითკმარ სუბიექტებად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.  ბექა მიქაუტაძის განცხადებით, პროექტის ეფექტი გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილება, თუმცა არის მოლოდინი, რომ ძალიან მალე გამოვლინდება რამდენიმე წარმატებული ამხანაგობა, რომელიც ეფექტურად იფუნქციონირებს და სამაგალითო იქნება სამომავლოდ.

 ბექა მიქაუტაძემ ისაუბრა სტანდარტული პროგრამებით გათვალისწინებულ სამუშაოებზე, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, თანადაფინანსებული პროექტების მიმართულებებზე, თუმცა განსაკუთრებით გამოყო სანიღვრე ქსელების უპრეცედენტოდ დიდი მოცულობით მოწყობის ფაქტი.

 „ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ საგზაო სამუშაოები დროში იწელება და ამის მიზეზი არაკომპეტენტურობაა, თუმცა მინდა განვმარტო, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ კაპიტალურად. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სანიაღვრე სისტემების მოწყობა, რომელთა მოცულობა არა მარტო ჩვენს რაიონში, არამედ თბილისის მასშტაბით, უპრეცედენტოა. ჩვენ ვაწესრიგებთ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას და მაგალითისთვის მინდა გითხრათ, რომ დელისის პირველ ჩიხში ძველი საფარის მოხსნის შედეგად აღმოჩნდა 22 საკომუნიკაციო ჭა, რომელიც ასფალტით იყო დაფარული და ასეთი შემთხვევები უამრავია,“ - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

 კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც გამგებელმა ისაუბრა, კერძო სექტორთან თანამშრომლობაა, რომლის შედეგადაც რაიონში სამი ახალი სკვერი ეწყობა.

საუბარი შეეხო სოფელ დიღომში დაუკანონებელი მიწების ლეგალიზებისთვის დაწყებულ სამუშაოებს, რომელიც მერიის ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად ხორციელდება. გამგეობაში შემოსული 996 განცხადებით, 544-ს მიენიჭა სარეგისტრაციო კოდი, ხოლოდ 394 განცხადება მომზადებულია რეგისტრაციისათვის.

 დღევანდელ პრეზენტაციას საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი შორენა ბუხრაშვილი ესწრებოდა. მონაცემთა წარდგენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 

29 ივლისი 2016